კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიის სკოლის დირექტორის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონვერგენტული მედიის სკოლის დირექტორის, დოქტორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია თემაზე: „სოციალური მედია და ციფრული სიახლენი” გაიმართა. ლექციის დასრულების შემდეგ კი, დოქტორ ნათან კარპენტერთან, თანამედროვე მედიაგანათლების პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნათან კარპენტერის საქართველოში ვიზიტის მიზანია, რომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს სტუდენტებს, კვლევით გამოცდილება კი კსუ-ს პროფესურას.

მისივე თქმით, ამ ტიპის ღონისძიებები ზრდის როგორც სტუდენტს, ისე პროფესორს და განათლების ხარისხი გაცილებით მაღალ დონეზე ადის, რა შესაძლებლობისთვისაც ნინო ჭალაგანიძე მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს, რომელიც ღონისძიების მხარდამჭერია.

„ეს არის გაზაფხულზე დაწყებული მედია განათლების დიდი პროგრამა, რომლის მხარდამჭერია საქართველოში ამერიკის საელჩო. პირველი ეტაპი იყო ზაფხულში, როდესაც გადაირჩა მედია სკოლების ხელმძღვანელები და მულტიმედია ცენტრების ხელმძღვანელები და ისინი ამერიკაში სტაჟირებაზე წაიყვანეს. ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა. ასევე, მედიასაშუალებებში ვიყავით და ძალიან კარგი, ნამდვილად სასარგებლო სტაჟირება იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებაზე, რამდენიმე ექსპერტმა შეაფასა ჩვენი პროგრამები და ძალიან შედეგიანი იყო ეს პირველი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იმ მედიაექსპერტებიდან და პროფესორებიდან, რომლებიც იქ გავიცანით, რამდენიმემ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე და გადავწყვიტეთ, რომ ეს ადამიანები ჩამოეყვანათ, რათა სტუდენტებთან ჰქონოდათ მათ კავშირი. ამ პრინციპით შეირჩა რამდენიმე სპიკერი, რომლებიც განაწილდნენ პროექტში ჩართულ მედიასკოლებში და დღეს ჩვენთან კსუ-ს მულტიმედია ცენტრი მასპინძლობს ნათან კარპენტერს, რომელიც ციფრული და სოციალური მედიის ცნობილი ექსპერტი გახლავთ“, - განაცხადა ჭალაგანიძემ.

მისივე თქმით, ნათან კარპენტერი ლექციისა და სადისკუსიო პანელის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურ კონსულტაციებს აკადემიურ პერსონალთანაც გამართავს.

როგორც დოქტორმა ნათან კარპენტერმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს და პროფესორებს გაუზიარა ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილება და მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება სოციალური მედიის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება.

„ჩემი ვიზიტის მთავარი მისიაა, რომ ციფრული ინოვაციები, რომელიც ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებაშია, გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს. ჩემი მთავარი მიმართულებაა, რომ ციფრული მედიის შესახებ ვესაუბრო სტუდენტებს, პროფესორებს. ჩვენ უნივერსიტეტს აქვს სტუდენტების მიერ მართული რადიო სატელევიზიო მაუწყებლობა. ასევე გამოსცემენ გაზეთს. უკანასკნელ წლებში ჩვენ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ რესურსების საზიარო გამოყენებაზე და მოხმარებაზე, როდესაც სხვადასხვა ლაბორატორიები იყენებენ ერთ რესურსს, რომელთა შემაკავშირებელი გარკვეულწილად გახდა სოციალური მედიის ცენტრი. სტუდენტებს ვუწყობთ ხელს, რომ მეტად გაერკვნენ იმ ინსტრუმენტებში, რომლებიც გამოიყენება სოციალური მედიის ეფექტურ მართვაში. მე მივაწოდე სტუდენტებს და პროფესორებს ინფორმაცია, თუ როგორ ვაკეთებთ ამას ჩვენ და როგორ ხდება სოციალური მედიის ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება“, - განაცხადა ნათან კარპენტერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო