მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" - ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტის ხელისუფლებასთან, ზიანს აყენებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებულ ძალებს და ემსახურება ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს,-ამის შესახებ მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ("სირცხვილია") მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მოძრაობა პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში რუსეთის ინტერესებს ემსახურება-ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში.

"მოძრაობა #სირცხვილია ანტისაოკუპაციო პროტესტით დაიწყო. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიდის და საქართველოს რუსული ორბიტისკენ აბრუნებს.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციური საფრთხის სამუდამოდ ასარიდებლად გადავწყვიტეთ, მოგვეთხოვა პროპორციული არჩევნები, რომელიც მომავალში გამორიცხავდა რომელიმე ერთი – წარსულის, აწმყოს ან მომავლის ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვითნებურად განსაზღვრას.

ჩვენს მოთხოვნას და საზოგადოების ხანგრძლივ დაკვეთას, გვქონოდა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა, შემოუერთდა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. შეიქმნა ფორმატი „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციებში პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ.

ჩვენ მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები ახერხებენ, ჰქონდეთ საკუთარი დღის წესრიგი და ამავდროულად სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად ბრძოლაში. თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის შემდეგ, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ ხისტები და კრიტიკულები როგორც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების, ასევე მათთან ერთობაში მყოფი სხვა ძალების მიმართ.

ჩვენთვის, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის, ასეთი წითელი ხაზი ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაა.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და მედიაციით.

მიგვაჩნია, რომ ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს, ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს