მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" - ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტის ხელისუფლებასთან, ზიანს აყენებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებულ ძალებს და ემსახურება ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს,-ამის შესახებ მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ("სირცხვილია") მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მოძრაობა პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში რუსეთის ინტერესებს ემსახურება-ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში.

"მოძრაობა #სირცხვილია ანტისაოკუპაციო პროტესტით დაიწყო. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიდის და საქართველოს რუსული ორბიტისკენ აბრუნებს.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციური საფრთხის სამუდამოდ ასარიდებლად გადავწყვიტეთ, მოგვეთხოვა პროპორციული არჩევნები, რომელიც მომავალში გამორიცხავდა რომელიმე ერთი – წარსულის, აწმყოს ან მომავლის ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვითნებურად განსაზღვრას.

ჩვენს მოთხოვნას და საზოგადოების ხანგრძლივ დაკვეთას, გვქონოდა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა, შემოუერთდა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. შეიქმნა ფორმატი „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციებში პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ.

ჩვენ მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები ახერხებენ, ჰქონდეთ საკუთარი დღის წესრიგი და ამავდროულად სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად ბრძოლაში. თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის შემდეგ, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ ხისტები და კრიტიკულები როგორც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების, ასევე მათთან ერთობაში მყოფი სხვა ძალების მიმართ.

ჩვენთვის, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის, ასეთი წითელი ხაზი ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაა.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და მედიაციით.

მიგვაჩნია, რომ ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს, ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო