ალექსანდრე ტოგონიძე, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესპარტნიორი მოკლა, შემდეგ კი კასრში მოათავსა და მდინარეში გადააგდო, აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს

მეგობრის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 40 წლის ბიზნესმენი, ალექსანდრე ტოგონიძე აცხადებს, რომ მას აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტოგონიძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

როგორც მოსიაშვილი აცხადებს, მოკლული ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე ტოგონიძე ბიზნესპარტნიორები არ ყოფილან და არც რაიმე სახის დავა ჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ ტოგონიძე მოკლულ მამაკაცს ბიზნესთან დაკავშირებით კონსულტაციებს ხშირად უწევდა.

„ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დაკავებულია საკუთარი მეგობრის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საკუთარი აღიარებაა, საგამოძიებო ორგანოს მოპოვებული აქვს მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. მან აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ინფორმაცია მიწოდებულია სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, დაცვის მხარე ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული პირის უდანაშაულობა დადასტურდეს წარდგენილ აბსურდულ ბრალთან დაკავშირებით. დაცვის მხარე მოიპოვებს, როგორც ტოგონიძეზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი, ასევე აბსურდულ ბრალთან დაკავშირებით/ სამართლიან სასამართლოში დავადასტურებთ ბრალების აბსურდულობას“, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე განმარტებით, ალექსანდრე ტოგონიძე იმის გამო დააკავეს, რომ მოკლულ მამაკაცთან ბოლო კომუნიკაცია სწორედ მას ჰქონდა.

„ერთადერთი, რის გამოც, ალექსანდრე ტოგონიძის დაკავება მოხდა, არის ის რომ, ბოლო კონტაქტი საკუთარ მეგობართან ამ ადამიანს ჰქონდა, რის შემდეგაც, ის დაკარგულად ითვლებოდა. იმის გამო, რომ პირს ბოლო კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, მისი დაკავების საფუძველი გახდა. ვინაიდან სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, საჭირო იყო დაკავებულის მხრიდან აღიარება, ეს აღიარება კი, სამწუხაროდ, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად განხორციელდა. სამწუხაროა, რომ უდანაშაულო ადამიანის დაცვა გვიწევს, ვინაიდან მასზე საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. მეგობრებს შორის არანაირი სახის კონფლიქტი არ არსებობდა. გამოძიებას უნდა, რომ კონფლიქტი გამოკვეთოს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ უკანასკნელი კონტაქტი ამ ადამიანებს ერთად ჰქონდათ, ეს არ უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ პირს ბრალი წაუყენონ. ეს ადამიანი კონკრეტულ შემთხვევაში მსხვერპლია, ვინაიდან მას არანაირი სახის დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია და ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები“, - აცხადებს მოსიაშვილი.

ალექსანდრე ტოგონიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 2018 წლის 14 მაისს, ვანის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის სანაპიროზე ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მოკლული მამაკაცი ნიკოლოზ ქუმსიშვილი აღმოჩნდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, სამართალდამცავებმა ქუმსიშვილის მეგობარი, ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ტოგონიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი, ნიკოლოზ ქუმსიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო