განვლილმა პოლიტიკურმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ იქ, სადაც კონტრაქციებია, ვითარებას ყოველთვის ესკალაციამდე მივყავართ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმდინარე კონტრაქციებს, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში იმართება.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მისთვის დაპირისპირების გაღრმავება მიუღებელია. მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.
“ჩვენმა განვლილმა პოლიტიკურმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ იქ, სადაც არის კონტრაქციები ასეთ ვითარებას ყოველთვის მივყავართ ესკალაციამდე, დაპირისპირების გაღრმავებამდე და ფიზიკურ ძალადობამდე, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ასეთი ფორმით კონტრაქციების დაორგანიზება.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, მაგრამ როგორც წესი, კონტრაქციები საქართველოში იღებს დაპირისპირების ფორმებს და რეალურად ფიზიკური დაპირისპირება ხდება ორ ბანაკს შორის, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და დღესაც გავიმეორებ, რომ კონტრაქციები არ არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ის უფრო ამძაფრებს და აღვივებს დაპირისპირებას. გამოსავალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა სისტემის გაჯანსაღებისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პოლიტიკური კონსენსუსის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგა, შესაძლოა, სიტუაცია წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დაიძაბოს.
„თუ პოლიტიკური კონსენსუსის მიმართულებით ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ეს არამარტო ჩემი, ალბათ, ყველას მოლოდინი არის, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რადგან ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვაქვს ძალიან დაძაბული, ძალიან პოლარიზებული საარჩევნო გარემო და არაფერი გაკეთებულა დღემდე იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა მოიხსნას და პროცესები გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიების რეჟიმში.
ამიტომ ეს შიშები, რა თქმა უნდა, მეც მაქვს”,- აღნიშნა ლომჯარიამ.