თუკი ჩემ რძალს ალაპარაკებენ, თავის სიმართლეს იტყვის. იმ ამერიკელთან საქმე არც ჰქონია, ჩვენ ოჯახში 9 თვე იყო. იმის მერე 9 წელი გავიდა, ჩემ რძალთან რა საქმე ჰქონდა? - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პედაგოგის დედამთილმა განუცხადა.
როგორც ბრალდებულის ნათესავი ჰყვება, მისი რძალი სკოლაში იმყოფებოდა, როცა სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და სკოლიდან დაბრუნებული პედაგოგი დააკავეს.
„ჩემ რძალს სკოლაში ყოველდღე გაკვეთილები აქვს. პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემმა ბიჭმა სკოლიდან წამოიყვანა და ამის მერე დააკავეს. სკოლიდან ყველა ამოყვა, სასწავლო ნაწილი, დირექტორი, ყველანი გვერდში დაგიდგებით, შენ რა შუაში ხარო, ეუბნებოდნენ. ჩემი რძალი ავად არის, საოპერაციოა, ერთი ოპერაცია ახლა გაიკეთა და მეორეც უნდა გაიკეთოს.
თუკი ალაპარაკებენ, თავის სიმართლეს იტყვის. იმ ამერიკელთან საქმე არც ჰქონია, ჩვენ ოჯახში 9 თვე იყო. იმის მერე 9 წელმა გაიარა. იმ კაცს იმდენი ხალხი ჰყავდა, ამასთან რა საქმე ჰქონდა? ჩემი რძალი ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. სკოლაში მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, ჩემი რძალი ამზადებს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. როგორ უნდა დავწვე და დავიძინო მის გარეშე, არ ვიცი. 3 შვილი ჰყავს, ბიჭი საჭმელსაც აღარ ჭამს“, - აცხადებს დაკავებული პედაგოგის ოჯახის წევრი.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გუშინ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწოვანთა მშობლები არიან. ყველა მათგანს ბრალი ოფიციალურად წაყენებული აქვთ. ისინი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყიფებიან. დაკავებულების მიმართ სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს გაიმართება. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.