უზენაეს სასამართლოში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მონაწილეობით სხდომა გაიმართა

6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მონაწილეობით სხდომა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სამოსამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელობას, მათ შორის მართლმსაჯულების განმხორციელებელ მხარეთა შორის, და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით უზენაეს სასამართლოს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ამ ფორმატში მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის განიხილეს პირველი, მოსამართლის მიერ საქმის მომზადება, ფაქტებზე მითითების უფლების შეზღუდვის ფარგლები, სარჩელის უზრუნველყოფის შებრუნების მტკიცების სტანდარტის განსხვავებულობა სარჩელის უზრუნველყოფის სტანდარტთან, იძულების შედეგად დადებული გარიგების საცილოობა თუ უცილოდ ბათილობა - მიმართება ხანდაზმულობისა და შეცილების ვადებთან. საკითხზე ისაუბრა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

სხდომაზე განიხილეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საჭიროება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს ადვოკატმა გიორგი სვანაძემ და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ.

სხდომის მონაწილეებს დაურიგდათ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებული და გამოცემული ბროშურა ,,სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის როლი სამართალწარმოების პროცესში.“, რომელიც წარმოადგენს საინტერესო და სასარგებლო ნაშრომს სამართალწარმოების სფეროთი დაინტერესებული ყველა პირისათვის.

დღის წესრიგის მესამე საკითხი მიეძღვნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას. პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მიმოხილვა წარმოადგინეს ადვოკატმა ლაშა ნოდიამ და უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა სანდრო ჯორბენაძემ.

დასასრულს შეხვედრის შედეგები შეაჯამა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა საბჭოს ფორმატში გამართული ნაყოფიერი მუშაობის გამო და აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა მხარის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული სრულყოფისათვის, უზენაესი სასამართლო ყოველთვის დაუთმობს თავის კედლებს აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა