ლევან დავითაშვილი - ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ, რაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის - სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა შემდეგი სპეციფიკური ნარჩენების - შესაფუთი ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები, საბურავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებების - მართვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საკანონმდებლო პაკეტში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ევროკავშირის, USAID-ის, SIDA-ს დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. შემაჯამებელი განხილვის ორგანიზატორები კი USAID-ის და CENN–ის წარმომადგენლები იყვნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო