პროკურორის განცხადებით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ დაკავებულებმა იცოდნენ, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ ბავშვებს და ასევე, რომ მათ ანაზღაურება მიიღეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ დაკავებულებმა იცოდნენ, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ ბავშვებს და ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ მათ ანაზღაურება აიღეს.

„არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ამჟამად, დღევანდელ განსახილველ საქმეზე დაბარებულია საერთო ჯამში 21 ადამიანი, აქედან 10 ადამიანის აღკვეთი ღონისძიება უკვე იყო, 11-ის აღკვეთი ღონისძიება განიხილება დღეს. 10 მშობელია, 1 მასწავლებელი, 10-ვე მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები. ვინც დაკავებულია, ყველა მათგანი ესწრებოდა ფოტოგადაღებას”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. გამოძიებისვე ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა