არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი -  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი თეთრი არ აუღია, მისთვის უცნობი იყო რა ტიპის გადაღება ხდებოდა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი მშობელის ადვოკატი დავით ჭიკაიძე უარყოფს პროკურორის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფოტოგადაღებებს ესწრებოდა. როგორც დავით ჭიკაიძე აცხადებს, არასრულწლოვნის დედას ფოტოგადაღებების სანაცვლოდ ანაზღაურებაც არ აუღია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ გადაღებას ფიზიკურად არ დასწრებია, მას არ აქვს არანაირი მოტივი და ინტერესი, რომ ეს ფაქტი მომხდარიყო. მან არ იცოდა მის შვილთან დაკავშირებით როგორი მოვლენები ვითარდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი თეთრი არ აუღია, შესაბამისად, რა ტიპის გადაღება ხდებოდა, მისთვის უცნობი იყო. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ გადაღებაში მონაწილეობა არ მიუღია და არ დასწრებია, არ აუღია არც ერთი თეთრი, რომელსაც ბრალდების მხარე აჟღერებს. საქმის მასალებიდან არც ერთში არ ფიქსირებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ მან საკუთარი შვილი გადაღებაზე მიიყვანა, ან გადაღებაში მიიღო მონაწილეობა", - აცხადებს ჭიკაიძე.

მისივე განმარტებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

„დაცვის მხარე ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნას გამოყენებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების", - აცხადებს ჭიკაიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. გამოძიებისვე ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა