კახა კალაძე - არავის  უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები დააპირისპიროს - ეს კატეგორიულად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში კონტრაქციის გამართვას გეგმავს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რასთან დაკავშირებითაც, 14 დეკემბერს ღონისძიება გაიმართება. მისივე განმარტებით, სად შეიკრიბებიან ახალგაზრდები, ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ახალგაზრდებს კვირეული აქვთ. ორბელიანის მოედანზე გახსნითი ღონისძიება იყო. კონცერტი გაიმართა, ახალგაზრდები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. ამ ღონისძიების დახურვის საღამო გაიმართება 14 დეკემბერს. ვისაც სურვილი აქვს, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მობრძანდნენ და ერთად ვიზეიმოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, ის, რომ თუნდაც დღეს, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად და პრობლემების გარეშეა გადაადგილება შესაძლებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი და ჩვენ თანმიმდევრობით მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო წარმატებული, ევროპული ქვეყანა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რატომ მიდიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები იქ, სადაც შესაძლოა, დაპირისპირება გაღვივდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს კითხვა ოპოზიციის მიმართ უნდა დაისვას.

„პირიქით ხომ არ დავსვათ ეს შეკითხვა, რატომ მიდის ოპოზიცია იქ, სადაც შეიძლება გაღვივდეს დაპირისპირება? სხვათა შორის, ძალიან გასაკვირი იყო კონკრეტული ჟურნალისტების მხრიდან დასმული შეკითხვა და მეცინებოდა ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულს ეკითხებოდნენ, რა უნდოდათ მათ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.

პოლიტიკოსებს, აბსოლუტურად ყველას, ხელისუფლებაში მყოფს და ასევე ოპოზიციაში მყოფს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, პირველ რიგში, ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. არავის უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გამოიყენოს იმისათვის, რომ ახალგაზრდები დააპირისპიროს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა