ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გვინდა გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ საუბრისას განაცხადა, რომელსაც თბილისი დღეიდან მასპინძლობს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა უნდა გაიგონ, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი დაპირისპირებაში გადაეყვანა.
"რაც შეეხება ოპოზიციის ევროპარლამენტთან შეხვედრას, აქ წარმოდგენილი ჯგუფის უმრავლესობას მე უკვე შევხვდი ზაგრებში და შემდეგ ბრიუსელში. მთავარი არის, რომ ამ ადამიანებმა ოპოზიციის ყველა ლიდერისგან გაიგონ, როგორ "ყვავის" საქართველოში დემოკრატია და რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" იმისათვის, რომ კონსტრუქციულად დაწყებული საუბარი გადაეყვანა აქციების დაპირისპირებაში და საით მიდის სახელმწიფო მაშინ, როდესაც იმის მაგივრად, რომ ევროინტეგრაციაზე ვფიქრობდეთ და ეკონომიკის განვითარებაზე, ვართ ქუჩაში და ვითხოვთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციას", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.