კოალიცია „დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს

კოალიცია „დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს. ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და პლენუმს, უმოკლეს ვადებში დანიშნოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში. „ინტერპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კონსტიტუციის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა.

კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე. თუმცა უზენაეს სასამართლოს მაია კოპალეიშვილის შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც ის კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა.

კანდიდატის მოსამართლედ ასარჩევად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობა კრიტიკულად არის შემცირებული, თუმცა, პლენუმის გადაწყვეტილება უნარიანობისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა დადგენილი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და პლენუმის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის სათანადო მიზეზად. ამ ეტაპისთვის პლენუმის შემადგენლობაში 12 მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.)

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო