„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სახელმწიფოს მიტაცება საქართველოში ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა

საქართველოში გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის (მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ არ არის გავრცელებული), ხოლო 51% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს.

„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.

2019 წლის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია კორუფციასთან ბრძოლის, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და ზოგადად დემოკრატიული მმართველობის სფეროში:

სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები, რაც ძირს უთხრის ბალანსს სახელისუფლებო შტოთა შორის;

საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა;

დამოუკიდებელ და ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე ზეწოლის გაძლიერება და მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობები;

სასამართლოს მიტაცება, სისტემაში არსებული მცირე დომინანტი ჯგუფის არასათანადო გავლენების გაძლიერების მეშვეობით და სასამართლო სისტემის ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ;

სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზება და მათი გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის.

პარლამენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემები, რაც უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე არაფორმალურ გავლენას მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან და ნეგატიურად აისახება როგორც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელბაზე, ისე ზოგადად საკანონმდებლო პროცესზე.

სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები და თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე;

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატებები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათი ქონებისა და ბიზნესთან მათი კავშირების არასრული დეკლარირება;

თანამდებობის პირთა საქმიანობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ნორმების არაეფექტიანი აღსრულება;

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევები;

მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების ქმედითი გამოძიების არარსებობა, რასაც ძალაუფლების კონცენტრაცია და სამართალდამცავ უწყებებზე პოლიტიკური გავლენა განაპირობებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია.

ქვეყნის ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების სფეროში მდგრადი პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გზით), რაც შესაძლებელს გახდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შეჩერებას.

პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლის და მათზე გავლენის მოპოვების მცდელობები.

შეწყვიტოს არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში.

შეწყვიტოს შეტევა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამოქალაქო ჯგუფებზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს კორუფციის გამოძიების ფუნქცია. შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა