იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ამ ეტაპზე არ არსებობს ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვის შემაფერხებელი გარემოებები

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალეკო ტაბატაძის განმარტებით, პარლამენტის ბიუროსთვის მიწოდებულ დასკვნაში ნამდვილად წერია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვის შემაფერხებელი გარემოებები.

მისი თქმით, „ამ ეტაპზე, ინიცირების დაწყების პირველ სტადიაზე კანონპროექტის კანონმდებლობის შესაბამისობის საკითხი არ მოწმდება“.

„იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის ფარგლები განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და ის ამზადებს ორი სახის დასკვნას: ერთი სახის დასკვნა რეგლამენტის 102-ე მუხლის შესაბამისად მზადდება მაშინ, როდესაც ხდება კანონპროექტის ინიცირება. ზუსტად აღნიშნულ მოცემულობასთან გვქონდა დღეს საქმე და ამ ეტაპზე იურიდიული დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს აწვდის ინფორმაციას, წარდგენილი კანონპროექტი რამდენადაა შესაბამისობაში ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე მოწმდება, წარდგენილი კანონპროექტი რამდენად ინიცირებულია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, განმარტებითი ბარათი წარდგენილია თუ არა ნორმატიული აქტების შესაბამისად, განმარტებითი ბარათის რეკვიზიტები რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში და წარდგენილია თუ არა კანონპროექტი პაკეტის სახით, ან უნდა ჰქონდეს თუ არა მას დართული სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი. სხვა სახის შესაბამისობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგება და სწორედ ეს ინფორმაცია იყო პარლამენტის ბიუროსთვის მიწოდებული.

ვადასტურებ, რომ აღნიშნულ ეტაპზე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან კანონპროექტი იყო შესაბამისი. შესაბამისად ეს დასკვნა მიეწოდა ბიუროს და დასკვნაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ის ვერ ხედავს ნორმატიული აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტის განხილვის მიზანშეწონილობის შემაფერხებელ გარემოებებს. რაც შეეხება შემდგომ დასკვნას, რომელსაც პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი 103-ე მუხლის შესაბამისად ამოწმებს, ეს გახლავთ საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებასთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, ეს პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. სწორედ ამის შემდეგ, დღეის შემდეგ ჩვენ ეს პროექტი გადმოგვეცემა ყველა სხვა სუბიექტთან ერთად და ამის შემდეგ მომზადდება კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასკვნა“, - განაცხადა ტაბატაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა