თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ძალიან რთული საქმე იყო და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, რაც შეეხება ამ შემთხვევას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.

„პარლამენტს ასეთი პრეცედენტი არ ჰქონია, ანუ ამ კონკრეტული საფუძვლით დანაშაულის ჩადენის გამო არასდროს პარლამენტის არც ერთი წევრისთვის მანდატი არ შეუწყვეტია, თუ გამოვა ეს საკითხი, ალბათ პირველად აღმოვჩნდებით ყველა ჩვენთაგანი... ისეთ საკითხებზე გვიწევს კენჭისყრა, არასდროს რომ არ ყოფილა გამოყენებული პარლამენტში.

იმუნიტეტის მოხსნა სულ სხვაა. მე მაშინ მივეცი ხმა მისი იმუნიტეტის შეჩერებას იმისთვის, რომ ის კონკრეტული საქმე გამოძიებულიყო და ვინაიდან საქმე იყო ძალიან რთული და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის მის ჩაყენებას რიგითი მოქალაქის მდგომარეობაში მე მაშინ მხარი დავუჭირე და ეს არის ჩემი სრულიად გაცნობიერებული მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე. რაც შეეხება არა იმუნიტეტის მოხსნას, არამედ მთლიანად მანდატის ჩამორთმევას იმ საფუძვლით, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გამოყენებული არ ყოფილა, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დააყენებს პარლამენტის წევრებს, მით უმეტეს, რომ პირველად ხდება და პრეცედენტი იქნება, ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული, რა ინფორმაცია მოვა პარლამენტამდე. ბევრი კითხვა უკვე გაჩნდა, ეს არის საქმე, რომელსაც 7 წელი არ უნდა დასჭირვებოდა და ამიტომ კითხვები გააჩინა ამ საქმემ და მარტივი გადაწყვეტილების წინაშე პარლამენტი ნამდვილად არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია