ეკა ბესელია - ეს კვირა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო იქნება, ჩვენი ამოცანაა, რომ ჯალათი მოსამართლეები პარლამენტმა არ აირჩიოს

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს მოქალაქეები პარლამენტთან უნდა მოვიდნენ და აქ იდგნენ დილის 10 საათიდან, იმისთვის, რომ პარლამენტს ესმოდეს, მისი მანდატის უკან მდგომი ადამიანები აპროტესტებენ ამ 20 კაციან სიას,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირა 2019 წლის განმავლობაში ყველაზე რთული იქნება და პარლამენტი ამაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვიდრე კანდიდატების კენჭისყრაა.

„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანა ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. აბსოლუტური ფიქციაა იმაზე საუბარი, ვინმე იქნება თუ არა დაცული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გვაქვს თუ არა წარმატება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მერვე წელს ისევ დგას საკითხი, წარსულში დავბრუნდებით, თუ უკეთეს მომავალს ვთავაზობთ ხალხს. დღეს სწორედ ამ განცხადების გასაკეთებლად მოვედი. ეს კვირა იქნება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მთელი 2019 წლის განმავლობაში და ამაზე უფრო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამ პარლამენტს ნამდვილად არ ექნება მისაღები. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე აბსოლუტურად პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხი. ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა. მე ვიქნები კომიტეტის სხდომაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი იქ არის, სადაც კენჭისყრა ხდება. მოქალაქეები პარლამენტთან უნდა მოვიდნენ და აქ იდგნენ დილის 10 საათიდან იმისთვის, რომ პარლამენტს ესმოდეს, მისი მანდატის უკან მდგომი ადამიანები აპროტესტებენ ამ 20-კაციან სიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას კენჭს უყრის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა