ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს პარლამენტის აპარატს და საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერ იქნება ვერავითარი  ხაზის განმსაზღვრელი პოლიტიკაში

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით შეჯერებულ ვარიანტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციასთან კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გაგრძელდება.

„როგორც მოგეხსენებათ, წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმ დესტრუქუციისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, მაგალითად, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს, რაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან, ასევე ვხედავთ ჩვენ ბლოკირების მცდელობას, იაფფასიან პერფორმანსებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იდგმება, აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ მივიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მიზნით და მოტივითაა ნაკარნახევი მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მრავალმანდატიან მაჟორიტარული ოლქები საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად თავსებადია.

„თავიდან იყო შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და აქ მიზეზების განმარტებას არ დავიწყებ, საკმაოდ მარტივი საკითხია, ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც განიხილება ხოლმე პირველი კურსის პირველ ლექციაზე სტუდენტებთან და სამწუხაროა, რომ ასეთ კაზუსთან დაკავშირებით გვიწევს მსჯელობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ეს მოდელი არის ცალსახად არაკონსტიტუციური, სწორედ ამ საფუძვლით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა.

ოპოზიციის მხრიდან კანონპროექტი არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. იყო დისკუსია და აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო, დაარეგისტრირა ეს კანონპროექტი და მივიღეთ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს პარლამენტის აპარატს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერ იქნება ვერავითარი ხაზის განმსაზღვრელი პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მათი იურიდიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი, რაც არის ძალიან სამწუხარო. საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, თანდათანობით ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები სრულად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე, დანარჩენს აჩვენებს ეს კონსულტაციები. რა თქმა უნდა, ეს საკითხი განიხილება გუნდში უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვსდგებით ოპოზიციის და ჩვენი საერაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო