ალექსანდრე ერქვანია - ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა

ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა.დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა, - ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის დასასრულს კი განაცხადა, რომ ტოვებს როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას.

„მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ქვეყნისა და ერის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. ყველას, ვისაც ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილება სურს, მინდა გაგაფრთხილოთ, არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს.

სადღეგრძელოებში გამოხატული ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა, დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა. სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობაა. აქვე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადო. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.

მინდა, მივმართო უმრავლესობის ლიდერებს - ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებებით და სხვადასხვა საკითხებზე ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას. ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად,“ - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა