„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ესტონური ცენტრის დირექტორი - ქვეყნებზეა დამოკიდებული, თავი წარმოაჩინონ და მიმზიდველები იყვნენ ევროკავშირისთვის

ევროკავშირს არავის ხელში ჩაგდება არ სურს - ქვეყნებზეა დამოკიდებული, თავი წარმოაჩინონ და მიმზიდველები იყვნენ ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ესტონური ცენტრის დირექტორმა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განსაკუთრებულმა დესპანმა, გერტ ანცუმ ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ანცუმ უპასუხა „ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის დადგომის შემდეგ რა პერსპექტივებია იმისთვის, რომ საქართველოსა და დანარჩენი „აღმოსავლეთ პარტიორობის“ კიდევ 5 წევრი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან წინ წაიწიოს და გაწევრიანებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას.

„ჩვენ გვესმის, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, ხშირად გვესმის კითხვა, მეტი რა შეუძლია, ევროკავშირს გააკეთოს ჩვენთვის? ეს კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც - თქვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული კონკრეტული შედეგების ჩვენება. ხანდახან არ ხდება რეფორმების საკმარისი მიწოდება. ასევე, განსაკუთრებით, ქვეყნებში კანონის უზენაესობაა მთავარი, დამოუკიდებელი სასამართლო, მნიშვნელოვანია ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. მხოლოდ ამგვარად შეიძლება გახდეს ევროკავშირისთვის მიმზიდველი თქვენი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მის წევრობას ესწრაფვიან. ხანდახან გვესმის ასეთი მოსაზრება, მაგალითად, განსაკუთრებით მოსკოვის პერსპექტივას თუ დააკვირდებით, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ჭიდილი, თუ რომელი მათგანი ჩაავლებს ამ ქვეყნებს ხელს - მაპატიეთ პირდაპირობისთვის. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ არის, ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირს არავის ხელში ჩაგდება არ სურს. ქვეყნებზეა დამოკიდებული, თავი წარმოაჩინონ და მიმზიდველები იყვნენ ევროკავშირისთვის. ეს ასე მუშაობს და თავის დროზე ჩვენთვისაც, ესტონელებისაც ასეთი მოცემულობა იყო", - აღნიშნა ანცუმ.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის შესახებ და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეიძლება, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სახის მცდელობებს გავლენის გაფართოების მიმართულებით სსრკ-ს ყოფილ საზღვრებში.

„წინააღმდეგობია გაწევის უნარს გამოვყოფდი, რაც ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრალური წერტილია. თქვენმა რეფორმებმა და ჩვენმა დახმარებამ თქვენი ქვეყნები მეტად გამძლე უნდა გახადოს - რუსული პროპაგანდა ცალკე საკითხია, მაგრამ ამასთან ერთად, ყველაფრის წინაშე უფრო გამძლეები უნდა იყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, დასახელების გარეშე, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებამ დაინახოს, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, ნაკლები კორუფცია და ქვეყანა ამ კუთხით მართლაც განსხვავებულია რუსეთისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგი პოლიტიკოსი შეიძლება პრო-რუსი იყოს, ზოგი - ანტი, მაგრამ მთავარია, რეფორმებით ჩანდეს, რომ ქვეყანა მისგან განსხვავებულია", - აღნიშნა ანცუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო