როგორია ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში
ძუძუს კიბო გავრცელებით პირველ ადგილზეა ქალებს შორის მსოფლიოში. ყოველწლიურად ძუძუს კიბოს შემთხვევათა რიცხვი 2.1 მილიონს აღწევს. ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2018 წლის მონაცემებით ძუძუს კიბოთი გამოწვეულმა სიკვდილობამ 627 000 შეადგინა, რაც ქალთა სიმსივნური დაავადებებით განპირობებული სიკვდილობის 15% -ია. საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით მეოთხეა ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. ახალი შემთხვევების რიცხვმა 2018 წელს 570 000 შეადგინა, რაც ქალთა სიმსივნეების 6.6% -ია. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა რიცხვი საგრძნობლად განსხავებულია სხვადასხვა რეგიონში და შემთხვევათა 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის კიბოს იგი მეორე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალთა შორის, ხოლო კაცთა შორის მესამე. კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის 2018 წლის მონაცემებით მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს 1.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ქალთა შორის ხუთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, ხოლო მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე და მეხუთე ადგილზე.

კიბოს პრევენცია
კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა მისი ადრეული, ე.წ. კიბოსწინარე მდგომარეობაში, დიაგნოსტირება სკრინინგული კვლევების მეთოდით, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შემდგომი, უფრო გაღრმავებული, გამოკვლევების ჩატარებას და მკურნალობას, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში გაცილებით მაღალეფექტური შეიძლება იყოს.
სკრინინგი ტარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაში, რომლებსაც არ აქვთ კიბოსთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი თუ სიმპტომი.
კიბოს სკრინინგის პროგრამა აქტიურად მოქმედებს საქართველოშიც. ძუძუს, საშვილოსნოს ხელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ქვეყანაში, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, სრულიად უფასოა და პროგრამა ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეგიონის არაერთ ქალაქში.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 40-70 წლის ასაკში და მოიცავს მამოგრაფიას, საჭიროების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიას. სკრინინგი ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ასაკში, 3 წელიწადში ერთხელ. პროგრამა მოიცავს პაპ-ტესტს და პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ 50 დან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. პროგრამა მოიცავს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე და პათოლოგიური ცვლილებების იდენტიფიცირების შემთხვევაში კოლონოსკოპიას მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

(R)