ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ჟურნალისტს - ეუთო-ს მინისტერიალის შეხვედრაზე წინ წამოვწიე სოლიდარობის გამოცხადების საკითხი თქვენი მამაცი ექიმის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებულია

უკრაინის გარდა, არ უნდა დავივიწყოთ სხვა კონფლიქტებიც, რაც ეხება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიულ ინტეგრაციას - ეუთო-ს მინისტერიალის პლენარულ შეხვედრაზე ჩემს გამოსვლაში წინ წამოვწიე სოლიდარობის გამოცხადების საკითხი თქვენი მამაცი ექიმის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებულია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ტალინში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მედიასაშუალებების წარმომადგენელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

რეინსალუმ უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას, მისი დაკვირვებით, აქტიურად არის თუ არა წარმოჩენილი საქართველოს კონფლიქტები საგარეო ასპარეზზე, ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშია.

"წინა კვირაში, ბრატისლავაში ყოფნისას, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას და მას ვკითხე ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო გაუმჯობესების შესახებ, მესმის, რომ რეალობაა, რომ მოლაპარაკებები გაყინულია. ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი საუბარს უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ, რომელიც მოხდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიით. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ სხვა კონფლიქტებიც, რაც ეხება საქართველოს, მოლდოვას ტერიტორიულ ინტეგრაციას. ხაზს გავუსვამ, რომ პლენარულ შეხვედრაზე ჩემს გამოსვლაში წინ წამოვწიე სოლიდარობის გამოცხადების საკითხი თქვენი მამაცი ექიმის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებულია და მათაც მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე უპასუხა შეკითხვას რუსეთის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ევროკავშირმა შეამციროს მაინც რუსეთის პოლიტიკის გავლენის ბერკეტების მოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში.

"ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკაში თანმიმდევრულობის შენარჩუნება. ბევრი საუბარია იმის შესახებ, ერთი მხრივ, გვჭირდება თუ არა რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ერთგვარი გადახედვა, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა თუ არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართულებით გარკვეული ახალი პარადიგმა. ჩემი პასუხი ამ კითხვებზე უარყოფითია - არა! ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველში ბალანსი აბსოლუტურად განსაზღვრულია, პრობლემა კი იმაშია, რომ კონკრეტული აქტორი უბრალოდ არ მიჰყვება წესებს ან იყენებს ძალას. გვჭირდება იმის გამეორება, რომ ერთი ქვეყნის მოქმედებები, ომების დაწყება თანამედროვე ევროპის მიწაზე, არ უნდა იყოს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი ამბავი: "საქმე, როგორც ყოველთვის". ეს იყო იმის მიზეზი, რომ ესტონეთმა გარკვეული ქვეყნების ჯგუფთან ერთად მორალური პერსპექტივიდან მიუღებლად აღიქვა რუსეთის ფედერაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ევროსაბჭო არ არის ძალის კლუბი, ეს ორგანიზაციაა, რომელიც უნდა მიჰყვებოდეს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. მორალური გადმოსახედიდან ეს ჩემთვის იყო და ახლაც არის მიუღებელი, რომ ერთი აგრესიული სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან ერთად ზის, ასევე, ამ აგრესიის მსხვერპლ ქვეყნებთან", - აღნიშნა რეინსალუმ.

მანვე დასძინა, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული ევფემიზმებიც, თითქოს საუბარი რაიმე სახის გადასაჭრელ კონფლიქტზეა საზღვართან დაკავშირებით, თანასწორ ქვეყნებს შორის.

"არა, ეს საერთაშორისო სამართლის საკითხია. ცხადია, რომ ერთმა ქვეყანამ აგრესია განახორციელა მეორის წინააღმდეგ. ეს მორალური ფუნდამენტური საკითხებიცაა, რაც ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, საუბარი იქნება სანქციების პოლიტიკაზე, თუ მეორე, ასევე არსებით პრინციპებზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ, 5 წლის წინ, ე.წ. 5 პრინციპი. დისკუსიები გრძელდება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ესტონეთი, და დარწმუნებული ვარ, უამრავი სხვა ევროპული ქვეყანა ანალოგიურ აზრზეა, დარჩება ევროკავშირის პოლიტიკის თანმიმდევრულობის მომხრე. ამასთან, უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს - სანქციებმა იმუშავა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვხედავთ საიმედო გაუმჯობესებას მოლაპარაკებებში აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, არის ის, რომ რუსეთი თავისი ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით ამას პრაგმატულად თვლის. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ თუ იქნება ამ მოლაპარაკებებში თანდათანობითი გაუმჯობესება, ჩვენ არ შევამცირებთ სანქციებს დიდი რაოდენობით, არამედ ეს იქნება თანდათანობითი. ვფიქრობ, თუ მინსკის შეთანხმება ან მინსკის პრინციპები მთლიანად განხორციელდება რუსეთის მხრიდან, მაშინ ეს სანქციები უნდა შემცირდეს, მაგრამ არა ერთბაშად", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა