ირაკლი ხმალაძე - 300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

300 მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. რაც შეეხება მიკროავტობუსების ფერს ხმალაძის თქმით, აღნიშნულზე მერიას ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

„მიკროავტობუსების ჩანაცვლება ეს არის ჯამში სამწლიანი პროგრამა. მომდევნო ეტაპზე კომპანია თავისი რესურსებით შეძლებს არსებული პარკის განახლებას ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვას. თანხა, რომელიც 300 მიკროავტობუსის შესყიდვას დასჭირდება, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მიკროავტობუსები მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს. ეს თანხა არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი", - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით დედაქალაქს 1400-1500 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა, განახლებული სატრანსპორტო ქსელით ეს რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს.

„გამიჭირდება იმაზე საუბარი, რა კაპიტალური დანახარჯები დასჭირდება მთლიანად მიკროავტობუსების პარკის განახლებას, მაგრამ 300 ერთეული ნამდვილად არის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება. უახლოეს დღეებში მერია ტენდერს გამოაცხადებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსების მარკას, ხმალაძემ აცხადებს, რომ ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

„მარკის დასახელებაც გამიჭირდება იმიტომ, რომ ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. ალბათ, „ფორდი" ისევ მიიღებს მონაწილეობას, რადგან აქვს გამოცდილება ამ კომპანიასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ფერს, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რა ფერის იქნება მიკროავტობუსები, მთავარია, რომ არ ვყიდულობთ მეორადებს და ვყიდულობთ ახლებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსების გამოსყიდვას, რომელსაც ახლა მძღოლები კომპანიასთან შეთანხმებით ახორციელებენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ხმალაძე ამბობს, რომ მუნიციპალური მიკროავტობუსების გამოსყიდვას მძღოლები ვერ შეძლებენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია მერიისგან მიკროავტობუსების გამოისყიდის, მძღოლებთან შეთანხმება ისევ შესაძლებელი იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს