ლუკა კალანდია - რომ არა დახურული სასამართლო სხდომები, საზოგადოებას უკვე ექნებოდა რეალური სურათი, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე, კალანდიები მოწმეებზე ვახორციელებთ ზემოქმედებას და თანაც, ამას ვახერხებთ სასამართლო დარბაზში შესვლამდე, აგონიაში ჩავარდნილი კაცის მდგომარეობაა და სხვა არაფერი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა.

როგორც კალანდია განმარტავს, საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს მიხეილ კალანდიას რაიმე როლი დამდგარ უმძიმეს შედეგში.

„შეუძლებელია, სასამართლო დარბაზში შესვლამდე არა თუ მოწმეებზე ზემოქმედება, არამედ რაიმე სახის რეპლიკაც კი. ეს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს სასამართლო მანდატურისათვის, რომელიც მუდმივად დგას იმ სხდომის დარბაზთან, სადაც ჩემი ძმის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ზაზა სარალიძეს, დაასახელოს თუნდაც ერთი ფაქტი სად, როდის და რა ვითარებაში ახორციელებენ კალანდიები მოწმეებზე ზეწოლას.

სარალიძისაგან აღნიშნული განცხადების გაკეთება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა (უკვე 80 მოწმეა დაკითხული) ვერანაირად ვერ დაადასტურეს მიხეილ კალანდიას რაიმე როლი დამდგარ უმძიმეს შედეგში, პირიქით იკვეთება სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოების არასათანადო ქმედებები, რის გამოც ვერ დგინდება ამ საქმეზე სიმართლე.

ასევე ცალსახადაა გამოკვეთილი გარემოება, რომ სკოლაში დაწყებული ბულინგი მოგვარდა შერიგებით მხარეებს შორის, ხოლო როდესაც მხარეებს ხელის ჩამორთმევით უნდა დაემთავრებინათ ეს ყოველივე, მყისიერად ახალი კონფლიქტი სწორედ, დათო სარალიძემ წამოიწყო, რასაც მოყვა სიგარეტის ნამწვავის სახეში სროლა მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მისამართით და ფიზიკური შეურაცხყოფა დავით სარალიძის ერთ ერთი მეგობრისაგან ისევ გ.ჯ.-ს მიმართ.

რაც არ უნდა ვიღაცისათვის კატასტროფული იყოს ეს ინფორმაცია, მისი გაგრძელება კიდევ უფრო უბედურება იყო - დათო სარალიძის მოქნეული ხელი ისე მწარედ მოხვდა მისსავე კლასელს, რომელმაც შერიგებით დაამთავრა ყველაფერი, რომ მან წამიერად დაკარგა გონება და ვეღარ შეძლო მისი აგრესიის შეკავება გ.ჯ-ს მიმართ.

სწორედ, ამ სიმართლის გაგონება არ უნდა პოლიტიკური ძალებისაგან მართულ ადამიანებს. ამ ჭეშმარიტების გამომზეურებას ხელს უშლის დახურული სასამართლო პროცესები. სწორედ ეს რეჟიმი იწვევს საზოგადოების ბუნდოვნებას და ეს ყოველივე მართულია კიდევაც გარკვეული ძალების მხრიდან. რომ არა დახურული სასამართლო სხდომები, საზოგადოებას უკვე ექნებოდა ჭეშმარიტი რეალური სურათი თუ რა მოხდა ხორავას N4-ში", - აცხადებს ლუკა კალანდია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო