ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს

ადვოკატთა ასოციაციამ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში, გამოხატა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემა შეიცავდა რეალურ რისკებს სანდო და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებასთან მიმართებით, მოსამართლეთა თვითმმართველობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის არასათანადო ხარისხის გამო. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ისე „ევროპულ კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ (ვენეციის კომისია).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, 2019 წლის თებერვალში, ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის ბოლოს პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 კანდიდატიანი სიის დაჩქარებული წარდგენის ფორმამ და სიის ზოგიერთი კანდიდატის წინააღმდეგობრივმა გამოცდილებამ სასამართლოს დახურულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხე შექმნა, რაც აზიანებდა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

მათივე ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების რეზოლუციის მიღების კვალდაკვალ, ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების ყველა ეტაპის გამჭირვალობის, ღიაობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით წარმართვას.

„ამ პროცესის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციამ გაავრცელა არაერთი განცხადება თუ მოწოდება, გამართა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან, ვენეციის კომისიასთან, ევროპის ადვოკატთა და იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებთან. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყო ნომინირების და შერჩევის პროცესის გამჭირვალობის მაღალი ხარისხით რეგლამენტირება, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების/დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატთა მოსმენის პროცესმა, სადაც გარდა პარლამენტის წევრებისა, მონაწილეობისა და კანდიდატებისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა ადვოკატურის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ნათლად წარმოაჩინა ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პროცესის დროს, როგორც თავდაპირველი 50 კანდიდატის, ასევე პარლამენტისათვის 20 კანდიდატის შერჩევისას სიაში ვერ მოხვდა არაერთი მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის იურისტი. აგრეთვე, პრაქტიკაში გამოვლინდა და გამოწვევად რჩება კანდიდატთა როგორც კვალიფიკაციის, ისე კეთილსინდისიერებისა და სამოსამართლეო თვისებების შეფასების ობიექტური, ერთგვაროვანი და სისტემატიზირებული მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების არარსებობა.

ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უდიდესი სიფრთხილით, წინდახედულობითა და მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგეს თითოეული კანდიდატის შეფასებასა და შერჩევას, როგორც მათთან გასაუბრებებისა და მოსმენების სიღრმისეული ანალიზის, ასევე კანდიდატების პროფესიული წარსულისა და მათი პიროვნული თვისებების სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე.

იურიდიული პროფესიის მოლოდინია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს იმ კანდიდატებს, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, პროფესიული რეპუტაციით, კეთილსინდისიერებითა და პიროვნული სიმტკიცით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა