არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სამწუხაროდ, კვლავ ხორციელდება ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, მიმდინარეობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, ჟურნალისტების დარბაზიდან გაძევება და არასათანადო მოპყრობა.
ამგვარი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი, ვფიქრობთ, დაუყოვნებლად უნდა იქნას შეწყვეტილი.
პარლამენტში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შერჩეული და არჩეული მოსამართლეები არ შეიძლება ლეგიტიმურად მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ.
ამავდროულად, ჩვენ თხოვნით მივმართავთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ სწრაფი ინტერვენცია მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართულებით და შექმნან მოლაპარაკების ფორმატი საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო მოლაპარაკების დასრულებამდე, მოუწოდონ მმართველ გუნდს შეწყვიტოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.