ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე - ნახეთ, რომ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ „კლანის“ სიიდან - ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით გადაწყვეტილება

ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება,რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების თაობაზე განაცხადა.

კითხვაზე, კომპეტენტურობის კრიტერიუმს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი აკმაყოფილებს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ შეიძლება კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები იდეალური არ იყო, მაგრამ მთლიანობაში, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩვენი ამოცანა იყო სათანადო რაოდენობით შევსება უზენაესი სასამართლოსი. ეს იყო მნიშვნელოვანი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანების შესაბამისად, პარლამენტმა აბსოლუტურად სწორად იმოქმედა. ბუნებრივია, მთლიანობაში, ჩვენ გვიწევდა გადაწყვეტილების მიღება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. მათ შორის, როდესაც საუბარია კომპეტენციის კრიტერიუმებზე, ეს ბუნებრივია არის ფარდობითი ცნება. შეიძლება სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში და ვიცი იქ რა სტანდარტი მოქმედებს. სხვა სტანდარტი შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში და სხვა სტანდარტი საქართველოში სხვადასხვა ობიქტური მიზეზის გამო. მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ე.წ „კლანის“ სია, რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში და რასთან დაკავშირებითაც იყო ვნებათაღელვა. თქვენ ნახეთ, რომ ამ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ „კლანის“ სიიდან. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით გადაწყვეტილება და აქ არანაირ „კლანებზე“ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო