გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე მან პასპორტი და პირადობის მოწმობა საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის შესატანად 30 დღე მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს დაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. სასამართლო პროცესი გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

შ​სს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა