თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ესაუბრა.

2019 წლის შემოდგომის ნაკადზე თსუ-მ 8 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი სტუდენტები მიიღო. წელს თსუ-ში პროფესიულ პროგრამებზე მისაღებად საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთ ვაკანტურ ადგილზე - საშუალოდ 6 მსურველი მოდიოდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის კურსდამთავრებულები, ასევე უკვე დასაქმებულები, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის მიღება. თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, პროფესიული განათლება დასაქმების ყველაზე სწრაფი და სწორი გზაა.

„უნდა დაიძლიოს არსებული სტიგმა, რომელიც პროფესიული განათლების თაობაზე არსებობს საზოგადოებაში. ეს არის საბჭოთა კავშირის მძიმე მემკვიდრეობა. პროფესიული სწავლება ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით, მომავალში რამდენიმე სიახლეს ვგეგმავთ“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა პროფესიულ განათლების სივრცეში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.

„ახალმა ინიციატივებმა უფრო მეტად გაუხსნა პროფესიული განათლების კარი სხვადასხვა ასაკის და საჭიროების მქონე სტუდენტებს. კიდევ ერთი ინიციატივა,რომელიც ინერგება პროფესიულ პროგრამებში ზოგადი განათლების ინტეგრირებას ეხება. ყოველ მოსწავლეს, რომელიც 9 კლასის შემდეგ ჩააბარებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს დიპლომი, რომელიც გათანაბრებული იქნება ატესტატთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“,- განაცხადა თამარ ქიტიაშვილი.

პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭიშვილის თქმით, თსუ პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა.

„მეექვსე თვეა, რაც თსუ-ში ახალი სტრუქტურა შეიქმნა. საგანმანათლებლო ერთეული - თსუ პროფესიული განათლების ცენტრი. ადრე ფაკულტეტები ახორციელებდნენ პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას. ახლა კი ყველა პროგრამა ერთი ცენტრის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, სწორედ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროგრამების მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას“,- აღნიშნა კახა ჭეიშვილმა.

გარდა ამისა, ასევე კომენტარი გააკეთა პროფესიული პროგრამის ერთ-ერთმა სტუდენტმა ანა შავიძემ.

„თსუ ლიდერია პროფესიული პროგრამების კუთხით, მე შემფასებლის პროფესიულ პროგრამაზე ვსწავლობ. პროფესიული განათლება უფრო პოპულარული ხდება პრაქტიკული დასაქმებისთვის. ამჟამად, დასაქმებული ვარ, თუმცა მიმაჩნია,რომ დამატებითი კვალიფიკაციის მიღება კიდევ უფრო გამომადგება“,- განაცხადა ანა შავიძემ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან. თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს