გორი-სკრის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ სავალ ნაწილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„მიკროავტობუსი მოცურდა და ამობრუნდა. აღნიშნულ მიკროავტობუსს, როგორც წესი, შშმ პირები გადაჰყავს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, ბავშვები არ იყვნენ. ერთი მძღოლი და ერთი სრულწლოვანი მგზავრი ისხდნენ მანქანაში. მგზავრი მსუბუქად დაშავდა და გადაყვანილია საავადმყოფოში“, - განაცხადეს შსს-ში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.