რუდოლფ კნოლი - გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციას გერმანული ღვინის ჟურნალის „VINUM”-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის ცნობილი ექსპერტი რუდოლფ კნოლი უძღვებოდა. მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, დარგის ექსპერტები, იმპორტიორები და მედია-ექსპერტები ესწრებოდნენ.

რუდოლფ კნოლის შეფასებით, გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„გერმანია არის ღვინის ქვეყანა და ძალიან კარგი ბაზარი. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ გერმანიაში შემოსვლა და თავისი თავის წარდგენა, არა მხოლოდ კარგი ღვინო უნდა წარადგინონ, არამედ ძალიან კარგი პრეზენტაციაც უნდა გაუკეთონ საკუთარ ქვეყანას. საქართველოს საამისოდ ყველანაირი შანსი აქვს. დღეს წარმოდგენილი საზოგადოება იყო მედიის სფერო და სომელიეები, ყველა იყო აღფრთოვანებული, იმით რაც გასინჯეს და მოისმინეს. ძალიან მოეწონათ საფერავის ჯიში, რომელსაც გერმანიაში არ იცნობენ. საფერავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს გერმანულ ბაზარზე, თავისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ საქართველო თუ განაგრძობს თავისი ქვეყნის ასეთ პრეზენტაციას ევროპის ბაზარზე, ეს ძალიან წარმატებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ , - აღნიშნა გერმანელმა ღვინის ექსპერტმა.

პრეზენტაცია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა.

გერმანია ქართული ღვინის მზარდ და მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 615 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო