გია ვოლსკი - მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოსამართლეებთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის ჯანსაღად წარმართვისთვის მმართველმა გუნდმა კარგი მექანიზმი შეიმუშავა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროცედურის ჯანსაღად წარმართვისთვის. მე ვფიქრობ, იმ სტანდარტს, რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში, ექნება კვლავაც მომავალში საკმაოდ გამოკვეთილი კონტურები და ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ს საელჩო იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაცია, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება დარწმუნდეს, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას მერე, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული. მე ამის იმედი მაქვს. კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, ალბათ ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით გუშინ გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს