ვახტანგ ძაბირაძე - აშშ-ს საელჩოს განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ არა მარტო ამერიკა, დასავლეთი უკმაყოფილოა იმ პროცესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს

არ მგონია, ამან ძალიან დააზარალოს საქართველო -ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, ნდობის მხრივ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. რაღაც პროექტები შესაძლოა, შენელდეს ან შეჩერდეს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ პარლამენტის მიერ მოსამართლეობის კანდიტატების დამტკიცების საკითხზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

ძაბირაძის შეფასებთ, როგორც აღნიშნული განაცხადებიდან ჩანს, საქართველოში მიმდინარე პროცესებით არა მარტო აშშ, არამედ მთელი დასავლეთი უკმაყოფილოა.

როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნიორები ჩუმად იქნებიან“.

„ამ განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ არა მარტო ამერიკა, დასავლეთი უკმაყოფილოა იმ პროცესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. გამოდის, რომ ამით მარტო ქართული საზოგადოება კი არ არის შეშფოთებული, შეშფოთებულია ჩვენი თანამეგობრობაც იმიტომ, რომ სასამართლოს უპირველესი ღირსება არის მისი დამოუკიდებლობა . ცუდია, თუ არ ჰყოფნის მოსამართლეს განათლება, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო უარესია, როცა უნდობლობა არსებობს. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. მას მოჰყვება მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები. იგივე ყველაზე მტკივნეული, რაც დღეს და ხვალ შეიძლება და ძალიან დიდი ალბათობით დღის წესრიგში დადგება, იქნება არჩევნების სამართლიანობის ცნობა და ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს, იმ მოსამართლეებმა რომელთა მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არის?! არ მგონია ამან ძალიან დააზარალოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, მაგრამ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რა თქმა უნდა, შეიცვლება. ნდობის ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი. რაღაც პროექტები შეიძლება შენელდეს ან შეჩერდეს და ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი პარტნირები ჩუმად იქნებიან“,- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, სადაო საკითხების გადაწყვეტისას მოსამართლეებისადმი ნდობა ნულის ტოლი იქნება და დამოუკიდებელ ხელისუფლებას, რომელიც მოვა, მოუწევს უვადოდ არჩეული მოსამართლეები ვადაზე ადრე გაუშვას სასამართლო სისტემიდან.

„როცა დადგება საკითხი, ვინ უნდა გადაწყვიტოს სადაო საკითხები, იგივე საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, აი, იქ სასამართლოს მიმართ ნდობა იქნება ნულის ტოლი, გადაწყვეტილებას არ აღიარებს მხარე და ამას მივყავართ უმართავ პროცესებამდე. ეს არის პრობლემა. დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც მოვა და რომლის მიზანი იქნება რეალურად დემოკრატიული სტრუქტურების და სახელმწიფოს შექმნა, იძულებული იქნება ამ პრობლემის გადაჭრისთვის რაღაც არაორდინლური მეთოდები გამოიყენოს. მოსამართლეები უვადოდ აირჩიეს და მოსაფიქრებელი იქნება უვადოდ არჩეულები, ვადაზე ადრე როდის გავუშვათ სასამართლო სისტემიდან, სანამ ეს ხალხი იქნება ამ სისტემაში, ჩათვალეთ, რომ სასმართლოსადმი ნდობა იქნება ნულის ტოლი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, „მოსმენებისას მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი - ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს კანდიდატებიც არიან“.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და გიორგი მიქაუტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო