თამარ ჩუგოშვილი მაჟორიტარებზე - იმდენად ხელოვნური ჩანდა პროცესი, მე რომ ვთქვა, ბუნებრივი იყო-თქო, ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას მივაყენებ

მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ ასე უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მაჟორიტარების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროქტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილი იხსენებს, აღნიშნულ მაჟორიტარებს პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხზე პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ, რის გამოც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პროცესები ხელოვნური იყო.

„სულ თავს ვიკავებ ხოლმე ამ კითხვაზე პასუხისგან იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ რა არის იცით? მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ ასე უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში. ალბათ, ამის არავის სჯერა და თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ, ეს არის ერთი და მეორე - ფაქტებს რომ შევხედოთ, სულ წინა დღეს, ერთი-ორი დღით ადრე აბსოლუტურად ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ გადიოდა ცვლილებები იმიტომ, რომ თუ ამხელა პროცესში შედიხარ, მთელი ეს თვეები უნდა ყოფილიყო ერთი ამბავი უმრავლესობაში, უნდა ყოფილიყო დიდი გარჩევები, დიდი დებატები, დიდი დისკუსიები, რომ წინააღმდეგები ვართ, ამას არ დავუშვებთ და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა, პირიქით, ყველამ ხელი მოაწერა, თითქმის ყველამ, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც სულ ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა, პრინციპულად გამოდიოდა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია დეპუტატები არიან და მე მათი პოზიცია აბსოლუტურად მესმის. მათთან არანაირი კითხვები არ მაქვს იმიტომ, რომ მათი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. პრობლემა გაჩნდა, როდესაც პირიქით, ყველამ თქვა, რომ უმრავლესობა შეთანხმდა, კი ბატონო, გადავდივართ ამ სისტემაზე, ეს არის სწორი გზა, ყველამ ხელი მოაწერა, ყველამ ერთობლივად დაარეგისტრირა. თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ დავდიოდით, ხალხს ვეუბნებოდით, რომ ასეთ რაღაცას ვაკეთებთ, აბსოლუტურად არავის უთქვამს, რომ იცით, რა არის? - გადავიფიქრე, არ ვეთანხმები და უცებ, წინა დღეს აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრების გარკვეული ნაწილისთვის ეს პრინციპულად მიუღებელია, ანუ იმდენად ხელოვნური ჩანდა ეს ყველაფერი ჩემთვის და მე მგონი, საზოგადოებისთვისაც, რომ მე რომ ვთქვა, ეს ნამდვილად ბუნებრივი პროცესი იყო, ამით საზოგადოებას მივაყენებ შეურაცხყოფას - თავისი თვალითაც ხედავენ ადამიანები, რას აქვს დამაჯერებლობა და რას - არა. ამ პროცესს არ ჰქონდა არანაირი დამაჯერებლობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე აზრით, მონდომების შემთხვევაში, ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვება შესაძლებელი იყო, რითაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი გავიდოდა.

„პირობა გასცა ბიძინა ივანიშვილმა, გასცა პარტიის ხელმძღვანელობამ და პირობის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასევე პარტიის ხელმძღვანელობას. მერე გადავიდა საუბარი იმაზე, ეს პირობა იყო თუ არა, რაც იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოლოდინი შექმნა პარტიის ხელმძღვანელობამ და აი, ამ მოლოდინის აღსრულება და რეალობად ქცევა შესაბამისად პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცები რომც ყოფილიყვნენ წინააღმდეგები, მონდომებისა და სწორი კომუნიკაციის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელი იყო საკმარისი ხმების მოპოვება, აი, ეჭვი არ მეპარება ამაში“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს