ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებულების - „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმსჯელებს მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხებზე.

„მტკიცებულებები ჩვენს მიერ კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული. შექმნილი მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულების ბარლეულობას და მიგვაჩნია, რომ საქმე სრული მოცულობით არსებითად განსახილველად გადაეცემა",- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის ბრალდებას აბსურდს უწოდებს.

"ეს არის აბსურდი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია. საქმეში წარდგენილია სახალხო დამცველის მოსაზრება. სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა საქმის მასალები და გასცა საკუთარი მოსაზრება - „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომელშიც ცალსახად დაფიქსირდა ის გარემოება, რომ ეს ქმედებები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საერთოდ არ არის პროკურატურის კომპეტენციის სფერო. კერძოდ, ეს არ არის სისხლის სამართლის სახით შესასწავლი საკითხი. ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „რუსთავი 2" იყო ყველაზე წარმატებული ტელეკომპანია. მის კონკურენტ ტელე „იმედზე" უფრო მაღალი რეიტინგი და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა. შესაბამისად, კომპანია ძალიან წარმატებული იყო და სწორედ მისი ეფექტური ხელმძღვანელობის შედეგი იყო ეს ეფექტური მონაცემები", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ბრალდებულ ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ტექნიკური სასამართლო სხდომაა და რაიმეს მოლოდინი არ აქვს.

"ტექნიკური სხდომაა. ამ სხდომისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. საერთოდაც არ მაქვს არანაირი მოლოდინი ქართული სასამართლო სისტემისგან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზარდებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო