პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე. თავის გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს არსებულ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 2020-2022 წლისთვის 3 პროცენტით განისაზღვრა.

„მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იყო და ნოემბერში მან 7.0 პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი - აქციზის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასები, ასევე, მომატებულია ფასები სურსათზე, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. სექტემბრის თვიდან კი ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებით და გაუფასურებულ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია. რადგანაც კურსის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადავიდა და ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 2.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაზარდა.

არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან და რომელიც კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. ასეთ პირობებში გაცვლითი კურსი შოკების მშთანთქავ ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის რისკებს შეიცავს, ეროვნული ბანკი მათ გასანეიტრალებლად მის ხელთ არსებულ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს შესაბამისად აამოქმედებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო