ლევან დავითაშვილი - მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია.

„წლების განმავლობაში, თხილი იყო წამყვანი კულტურა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში, თუმცა, ბოლო წლებში, მავნებლებმა და დაავადებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თხილის ხარისხსა და რაოდენობაზე, რამაც დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული უპრეცედენტო კამპანიის შედეგად, წელს ჩვენ მივიღეთ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი, რაც უკვე მონაცემებშიც აისახა. თხილის სეზონი აგვისტოდან აგვისტომდე ითვლება და უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრიდან ექსპორტის მონაცემები ძალიან მზარდია. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, ყოველთვიურად, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 11-12 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი. დღეისათვის, ჯამურად, შარშანდელ მონაცემზე მეტი არ არის, თუმცა წლის ბოლოსთვის, თხილის ექსპორტი 2018 წლის მონაცემებს ნამდვილად გადააჭარბებს. აგრონომიული წლის ფარგლებში, ჩვენ ველოდებით, რომ მხოლოდ თხილში, დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე ექსპორტი გვექნება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ექსპორტი მეხილეობის ყველა მიმართულებაში გაიზარდა. დავითაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად მზარდია ასევე ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის - ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხილი არ არის ერთადერთი კულტურა, რომლის ექსპორტიც გაზრდილია. წელს, მეხილეობის ყველა მიმართულებაში გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ ეს არის ჩვენი სამინისტროს სტრატეგია და გეგმაც, რომ მომდევნო წლებში, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მეხილეობის დარგი აღორძინდეს და განვითარდეს. ახალი ბაღების გაშენებისა და არსებულის რეაბილიტაციის შედეგად, ყოველ წელს, ჩვენ ხილის ექსპორტის მზარდი მონაცემები უნდა გვქონდეს.

2019 წელს, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ატმის სეზონი. ასევე წარმატებით მიმდინარეობს ციტრუსოვანი კულტურების სეზონიც. უნდა აღინიშნოს, რომ მანდარინის ექსპორტი, უკვე აჭარბებს გასული წლის მონაცემებს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 15 000 ტონაზე მეტი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის, ხურმის ექსპორტის კუთხით. უკვე ექსპორტირებულია 7 300 ტონაზე მეტი ხურმის კულტურა. წინა წელთან შედარებით, საექსპორტო მონაცემები თანხაში ფაქტობრივად, 100 % - ით არის გაზრდილი.

მეხილეობის მიმართულებით გაზრდილი საექსპორტო მაჩვენებლების გარდა, მნიშვნელოვნად მზარდია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის - ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით რეკორდული მონაცემები გვაქვს. დღეისათვის, უკვე ექსპორტირებულია 85 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო, რაც თანხაში 220 მლნ აშშ დოლარამდეა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, რაოდენობაში ზრდა 10%-ს, ხოლო თანხაში 20%-ს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ასეთი მიღწევები, იმ სწორი აგრარული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა