ანა დოლიძე - ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მოთხოვნაა, რომ საქართველოს სასამართლოებში გაჩერდეს ყველა დანიშვნა, ვიდრე სრულად არ იქნება გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მოთხოვნაა, რომ საქართველოს სასამართლოებში გაჩერდეს ყველა დანიშვნა, სანამ დანიშვნების პროცესში სრულად არ იქნება გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები,“ - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ორგანიზაციებთან სამუშაო მაგიდასთან უნდა დაჯდეს. მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს ხალხს აუხსნას, რომ ან აგრძელებს ევროპულ კურსს, ან აღარ აქვს ევროპული ამბიციები და სხვანაირი კურსი აქვს არჩეული.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ორი ძალიან მძიმე საერთაშორისო შეფასება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დღეს კი განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურმა. ყველა საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია, სადაც საქართველო მონაწილეობს და რომელიც ეხება ჩვენს ევროპასთან დაახლოებას, უმწვავესად აკრიტიკებს 14 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებას. მათ განცხადებებში წერია, რომ ისინი გმობენ ამ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ პროცესში იყო ძირეული ნაკლოვანებები და ასევე იმის გამო, რომ ამ ნაკლოვანებების შედეგად სასამართლოში დაინიშნენ ადამიანები, რომლებიც არც კეთილსინდისიერებით და არც კვალიფიკაციით არ მიანიჭებენ ნდობას უზენაეს სასამართლოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მოთხოვნაა, რომ საქართველოს სასამართლოებში გაჩერდეს ყველა დანიშვნა, სანამ დანიშვნების პროცესში სრულად არ იქნება გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. სწორედ იმ რეკომენდაციების სიღრმისეულად და საფუძვლიანად გათვალისწინებისთვის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაგიდაზე დევს, „ქართული ოცნება“ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო მაგიდასთან უნდა დაჯდეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის შეფასებით, წარმოდგენილი 14 მოსამართლიდან ვინც არ უნდა იქნეს არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ის იქნება არა სასამართლოს ლიდერი და რეფორმატორი, არამედ ხელისუფლებასა და სასამართლოს შორის „ამბების მიმტან-მომტანი“.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით