ირაკლი კობახიძე ერეკლე კუხიანიძეზე - არ მინახავს ეს პოსტი - გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც საქართველოში ამკვიდრებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა მისი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულის დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება, სადაც ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს უცენზუროდ მოიხსენიებს და პროვოკაციაში ადანაშაულებს, არ უნახავს. მისივე თქმით, გინების ტენდენციას საქართველოში „კონკრეტული პოლიტიკური ძალა პარტიული ტელევიზიის მეშვეობით ამკვიდრებს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მისი სიტყვების გამო, კობახიძე პასუხობს, რომ სანამ თავად არ ნახავს კუხიანიძის ამ განცხადებას, მანამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„არ მაქვს ინფორმაცია და კომენტარს ვერ გავაკეთებ. სანამ მის პოსტს არ ვნახავ. ვერ გავაკეთებ კომენტარს. არ მინახავს ეს პოსტი. გინება არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც საქართველოში ამკვიდრებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა მისი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით. ზოგადად, გინებას რაც შეეხება, ყველას მოვუწოდებ რომ ამისგან თავი შეიკავოს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპაზე და ევროპის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ევროპული კულტურა. თქვენ ხედავთ, რომ ანტიევროპული კულტურის დამკვიდრების მცდელობაა საქართველოში. ამის გამოხატულებაა დედის გინება, რომელიც ხშირად გვესმის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების და პარტიული ტელევიზიების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ „იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც,“ - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს