გიგი უგულავა - მივაღწევთ იმას, რომ პოლიტიკურ „გაპრავებაში“ ჩართულ მოსამართლეებს, პროკურორებს და გამომძიებლებს თავისუფალ ქვეყნებში ვიზა აღარ მისცენ

იმ პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. უგულავას განცხადებით, ოპოზიცია დიპლომატებს იმ მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, რომ მათ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გადაადგილება შეეზღუდოთ.

„დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა ეხებოდა პოლიტპატიმრებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბ-ბინად გადაიქცა იმიტომ, რომ ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ქმნის. ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა დაუსჯელი თავდასხმები და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და საელჩოებს მივაწვდით, ვინც ამ პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას ივანიშვილი იძლევა. ივანიშვილს რომ მისწვდე, ჯერ შედარებით რთულია, სანამ მართლა ქიმიურ ომს არ დაუწყებს საკუთარ ხალხს, მაგრამ იმ პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც ამ „გაპრავებაში“ არიან ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ. ეს მიღწევადი ამოცანაა. დასასვენებლად იქნება თუ გასართობად, ვეღარ წავლენ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, წავლენ რუსეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც მათ საქმიანობას უკეთესად უხდება,“ - განაცხადა უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს