მაია ცქიტიშვილი - ვერაფრით მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს, სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამით ცქიტიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ საკრებულის დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მინისტრის შეფასებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების განცხადებების მიუხედავად, ასეთი კრიტიკული მინიშნებები მიუღებელია.

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს. სამწუხაროდ, მას ალბათ ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ემოციები ყველამ გვერდზე გადავდოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მთლიანობაში მესმის, რომ ძალიან ემოციური ფონია, ყველასთვის ძალიან რთულია, რომ ჩვენი მოქალაქე უკვე 36 დღეა პატიმრობაში იმყოფება და კარგად მესმის, რომ ყველაზე მძიმე ეს ფაქტი არის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რა კომენტარებსაც არ უნდა ვისმენდეთ ოჯახის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია რაიმე სახის ასეთი კრიტიკული მინიშნებები. უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება ოჯახს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ „იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს