არჩილ თალაკვაძე - თუ გიგა ბოკერიას დაპატიმრება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა

თუ ვინმეს გიგა ბოკერიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა და წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გიგა ბოკერიამ გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

"გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრის ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები და პარლამენტი ყურადღებას მიაქცევს მასთან დაკავშირებულ გამოძიებას. მეორე მხრივ, როდესაც არის კითხვები, ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის წევრმაც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად, პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი. როდესაც ადამიანს უსვამენ კითხვებს, მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. ეს არის კანონის უზენაესობა. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია გამოძიება სერიოზულ საქმეს ეხება და ყურადღებას მივაქცევთ პარლამენტიდან ამ გამოძიებას. როდესაც 7-8 წელია ადამიანი ოპოზიციაშია, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარი ოპონენტია, ხშირად მისი პარტია ყველაზე აგრესიულ ფორმებს ირჩევს ოპონირების, 7-8 წლის განმავლობაში დევნაზე ვერ ვისაუბრებ. თუ პოლიტიკური დევნა იყო და მისი დაპატიმრება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა და 7-8 წელი არ დასჭირდებოდა. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები ამას უნდა გასცეს პასუხი ნებისმიერმა მოქალაქემ და მითუმეტეს პარლამენტის წევრმა",- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სხვა ადამიანებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ პირების უმრავლესობა, რომელთა მიმართაც ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე საუბრობს, პატიმრობაში არ იმყოფება.

"როგორც იცით, ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ, დიპლომატებს მოგვაწოდა 85 ადამიანის სია, რომლებზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. საბოლოო ჯამში, ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს და ოპოზიციას წარვუდგინეთ გადამოწმებული მონაცემები. რეალურად, ამ ადამიანების უმეტესობა არ იმყოფება პატიმრობაში. დიდი ნაწილის მიმართ განხორციელებული იყო ადმინისტრაციული წარმოება. იმ ადამიანებიდან, რომლებიც პატიმრობაში იმყოფება 4 პირი არის ცნობილი დამნაშავედ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის და პოლიციელების მიმართ ძალადობის გამო, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ერთი ადამიანი კი, სულ სხვა საქმეა ბრალდებული, რომელიც სრულიად არ უკავშირდება მიმდინარე ან წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ასე, რომ რა დაპატიმრებებზე ლაპარაკობენ, ალბათ, კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული არგუმენტებით უნდა გაგრძელდეს საუბარი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა