„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „ქართულ ჩაი“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ. კოოპერატივებისთვის მანქანა-დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მათი მიზანია ხელი შეუწყონ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციის აღდგენას.

„სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი-ოთხი წლის წინ დავიწყეთ და პირველ მოსავალს 2020 ველოდებით. დღეს თანამედროვე სტანდარტების დანადგარები გადავეცით იმ 8 კოოპერატივს, რომლებიც ჩაის სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აწარმოებენ. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ მეჩაიე ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციის აღდგენას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ბენეფიციარმა 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 140 ჰა-ზე საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით, 287,000 ლარი მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა „ქართული ჩაი“ კოოპერატივებისთვის მანქანა- დანადგარების - ჩაის საღნობი დანადგარი, ჩაის საგრეხი როლერი და ჩაის საშრობი კარადა - შეძენასაც ითვალისწინებდა. ტექნიკის, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ, შესაძენად სახელმწიფომ მხრიდან 314,000 ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს მასშტაბით, პროგრამა „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს