სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ემიგრაცია პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე ნაკლებად არის წასული, ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიური მიზეზებიდან გამომდინარე

ჩვენი ემიგრაცია პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე ნაკლებად არის წასული, თუმცა არის ნაწილი, რომელიც ასევე წავიდა და ელოდება რაღაც პოლიტიკურ ცვლილებებს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიური მიზეზებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ემიგრაციაზე და უცხოეთში წარმატებით მომუშავე ქართველ ექიმებზე.

„მე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, მაგალითად, რაოდენ დაფასებული არიან საფრანგეთის ყველა ქალაქში და ყველა საავადმყოფოში ჩვენი ექიმები. ჩვენი ექიმები დაფასებული არიან მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა იყვნენ, ძალიან წარმატებულ ადგილებს იკავებენ, ეს იქნება კვლევაში, თუ საავადმყოფოებში. ეს არის, ალბათ, ჩვენი ერთ-ერთი გენეტიკური პოტენციალი, მაგრამ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ემიგრაციასთან კავშირი უნდა შევინარჩუნოთ, იმთავითვე დაბრუნების საკითხი გაჟღერდება. დაბრუნების საკითხი დღევანდელ მსოფლიოში სულ სხვანაირად დგას. ჩემს დროს, როდესაც მე პარიზში ვიზრდებოდი, არსებობდა მხოლოდ ერთი ოცნება, როდის დავბრუნდებით საქართველოში. ვინ დაბრუნდა, ვინ ვერ დაბრუნდა, იქ, ვინ არის დასაფლავებული - ლევილის სასაფლაოზე და ვინ ოცნებობდა ბოლომდე. ერთ-ერთ საფლავზე წერია, რომ ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს შეცვლილია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი ემიგრაცია ნაკლებად პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არის წასული, თუმცა არის ნაწილი, რომელიც ასევე წავიდა და ელოდება რაღაც პოლიტიკურ ცვლილებებს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიური მიზეზებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ამ აქვეყანაში ვერ ნახეს იმ დროისთვის თავიანთი პოტენციალის ადგილი. წავიდნენ უცხოეთში, რომ მოიპოვონ თავიანთი გზა. სტუდენტები, რომლებიც დარჩნენ და ა.შ. მათი დაბრუნება-არდაბრუნება აღარ არის რაღაც, თეთრი და შავი. დღევანდელ დღეს, შეიძლება რაღაც მრავალი ფორმით დაბრუნდე შენს ქვეყანაში, დაბრუნდე დროებით, დაბრუნდე სხავადასხვა კავშირებით. იქ ცხოვრობდე, მაგრამ აქ მოღვაწეობდე. დღეს კომუნიკაციის ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ინიციატივის უნარი.

„ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ასეთი ქსელი ჩვენს ექიმებთან. დიაგნოსტიკა კეთდება ზოგჯერ უცხოეთში ჩვენი, ქართველი ექიმების მეშვეობით.

მე მაგალითად, ჩემს ადმინისტრაციაში უცხოეთიდან სტაჟიორები ჩამოვიყვანე. ცხადია, დროებით. ისინი უცხოეთში სწავლობენ, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ დინამურ ნაწილს ჩემი ადმინისტრაციის, ყველაზე საინტერესოს, იმიტომ, რომ აქ მოდიან თავიანთი იქ მოპოვებული იდეებით და შეიძლება ითქვას თავისუფლებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივის უნარით, რომელიც არის ალბათ ის, რაც ყველაზე უფრო გვაკლია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო