გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან დიალოგზე - მივდივართ, რომ იქნებ რაღაც გამოვიდეს - ფეხბურთის მატჩივითაა - გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო

ხელისუფლებას რა არ უნდა, იცის - არ უნდა ყველაფერი, რაც მათ მოუსპობს გაყალბების და იმის საშუალებას, რომ ერთპარტიული მთავრობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ ესმით, რომ ის, რაც არ უნდათ, უნდა დანარჩენ საქართველოს , - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის წინ აღნიშნულ შეხვედრაზე და ასევე, პარასკევს დაგეგმილი ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თაობაზე ისაუბრა.

"ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, პირველი, კოლეგებს უნდა მოვუყვეთ, რა იყო გუშინ. ძალიან მოკლედ რომ გადმოგითარგმნოთ საპარლამენტო ენიდან საერთო სამოქალაქო ენაზე, ესაა, რა იყო გუშინ: ხელისუფლებას რა არ უნდა, იცის - არ უნდა ყველაფერი, რაც მათ მოუსპობს გაყალბების საშუალებას და იმის საშუალებას, რომ ერთპარტიული მთავრობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა უნდათ, არ იციან. ესმით, რომ ის, რაც არ უნდათ, უნდა დანარჩენ საქართველოს - საქართველოს მოქალაქეს, მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. აქედან რა გამოსავალი არსებობს? სანამ არის საშუალება იმის, რომ იყოს დიალოგი და ვერ დაგვადანაშაულონ ლაპარაკის ჩაშლაში, მივიღებთ მონაწილეობას. როდესაც აღმოჩნდება, რომ მათ ამოწურეს თავისი მოთმინების და ბიძინა ივანიშვილის მანდატი, ამით დამთავრდება ყველაფერი", - აღნიშნა ვაშაძემ.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს დიალოგი დიალოგისთვის, ვაშაძემ დადებითი პასუხი გასცა და ასევე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"დიალოგი უკვე არის დიალოგისთვის. კარგია, რომ ერთმანეთს ჭიქებს არავინ ესვრის და თავში აგურს არ ურტყავს, შესანიშნავია და საპრეზიდენტო არჩევნებიდან გახსოვთ, რომ მუდმივად ამას ვიმეორებ - ჩვენ თუ გვექნება ერში განხეთქილება, ეს აძლევს ხელს ერთადერთ ძალას დედამიწის ზურგზე და ესაა რუსეთის ფედერაცია. მაგრამ შედეგის იმედი მაქვს? არ მაქვს. მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რაღაც გამოვიდეს, ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ესაა, ფეხბურთის მატჩივითაა, გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო. შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ მიდიხარ იქ, რომ შენს თავსაც და მოწინააღმდეგესაც შეხედო. მთავარი ერთადერთი რაც ახლაა, ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს, არ შეწყდება. გეგმა მკაფიოდაა აქციების გაგრძელება - ზუგდიდი, ბათუმი, საქართველოს პარლამენტი, საკრებულო და ამის შემდეგ ყველგან. მეორე ისაა, რომ საქართველოს მოქალაქე კატეგორიულად უკმაყოფილოა იმ საშინელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით, რაშიც ყველა ვიმყოფებით, საქართველოს საშუალო კლასი მოისპო, ყველა ვართ პროლეტარები, როგორც აფრიკაში, ზოგიერთ ქვეყანაში. ვართ პროლეტარები და ამას თავზე აზის 3%, საქართველოს ბიუჯეტში ჩაბუდებული ოლიგარქატი, ეს არის და ეს", - აღნიშნა ვაშაძემ.

„ლეიბორისტულ პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა