ნინო ბურჯანაძე - პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ

პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" და არა ჩვენ - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ ასე ვთქვათ, საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის წინ აღნიშნულ შეხვედრაზე და ასევე, პარასკევს დაგეგმილი ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, პარასკევს შეხვედრაზე აპირებს თუ არა ოპოზიცია რაიმე ახალი წინადადების შეთავაზებას უმრავლესობისთვის, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ მან რამდენადაც იცის, დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიციის წარმომადგენლები წინადადებებს პირიქით, ხელისუფლებისგან ელოდებიან.

"ჩვენ არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ ასე ვთქვათ, საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან. ჩვენ პროპორციული სისტემიდან წამოვედით დათმობაზე, "გერმანულ მოდელზე", შემდეგ გავყავით "გერმანული მოდელი", შემდეგ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მრავალმანდატიანის, ახლა ნამდვილად მათ მხარესაა ბურთი, რაც არ უნდა ისაუბრონ, მე მგონი, დიპლომატების საუბრითაც ეს ძალიან ნათლად ჩანს. მე პირდაპირ შევთავაზე და ასევე ჩემმა კოლეგებმაც, რომ თქვენ გვითხარით, რა გაწყობთ, ხომ არ შეიძლება ჩვენ ახლა კიდევ ახალი ვარიანტი მივიტანოთ, მერე ერთი კვირა იფიქრებენ, მერე გვეტყვიან, რომ არ მოსწონთ და ა.შ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებთ ასე გაგრძელებას. ახლა მათი ჯერია, გვითხრან, რა ვარიანტი აწყობთ, რადგან მათი მოთხოვნა, რომ "მოიფიქრეთ ვარიანტი, რომლითაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობას მივიღებთ, რამდენიც არ უნდა გვქონდეს მოსახლეობის პროცენტული მხარდაჭერა", აქ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვდგებით არც ერთ შემთხვევაში. პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" და არა ჩვენ, ჩვენ ველოდებით მათ ვარიანტებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემაა, რაც ყველას უნდა ახსოვდეს.

"საარჩევნო კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის პრიორიტეტი, სანამ არ შეიცვლება სისტემა. ასე რომ, ჯერ სისტემაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და პარალელურ რეჟიმში შეიძლება მერე ვისაუბროთ უკვე საარჩევნო კანონმდებლობაზეც", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე უპასუხა კითხვას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. ბურჯანაძის თქმით, ჯერ-ჯერობით გამაფრთხილებელი აქციები გრძელდება.

"ხვალ ზუგდიდში აქციაა დაგეგმილი, ასევე კიდევაა აქციები დაგეგმილი. ჯერჯერობით ასე ვთქვათ გამაფრთხილებელი აქციებით გაგრძელდება ჩვენი აქტიურობა. არ ვაპირებთ აქციების ძალიან გააქტიურებას ან პიკში ჩატარებას, რადგან შობა-ახალი წელი მოდის, ამიტომ ბუნებრივია, გარკვეული პაუზა იქნება, მაგრამ ნებისმიერ პროცესში არის ნორმალური პაუზა, ეს იქნება პაუზა და არა რამენაირად დათმობებზე წასვლა ან ბრძოლის შეწყვეტა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო