დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვეში ჯამში 570 ვადაგასული ვაქცინის დოზა ჩამოიწერა, მათ შორის 520 ვაქცინა „ბ“ ჰეპატიტის საწაინააღმდეგო, 20 კი დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინა იყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 2018 წელს ჯამში 8 737 დოზა ვაქცინა ჩამოიწერა, მათგან ჰექსაქსიმი ვაქცინის (დიფტერია, ტეტანუსი, აცელულარული ყივანახველას, „ბ“ ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტისა და Heamophilus influenzae type b - ს) 4457 ჩამოწერილი დოზა ჩანაცვლდა მომწოდებლის მიერ.
რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, ცენტრის ცნობით, ამ წელს 4 090 დოზა ვაქცინა ჩამოიწერა.
ცენტრის ინფორმაციითვე, ვაქცინების ჩამოწერა ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ნადგურდება ლუგარის ინსენირატორში.
რაც შეეხება ჩატარებულ აცრებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახეობის 814 952 აცრა ჩატარდა. ხოლო 1 111 198 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.
რაც შეეხება ცალკეულ აცრებს, რომლებიც გეგმური აცრების კალენდარშია შეტანილი, 2019 წლის 10 თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო (ბცჟ) 108 896 დოზა ვაქცინა გაიხარჯა, ხოლო 38 664 აცრა ჩატარდა. ყველაზე მეტი 36 880 ვაქცინა თბილისში გაიხარჯა და ასევე 19 177 აცრა ჩატარდა. ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმში - გაიხარჯა 504 ვაქცინა და ჩატრდა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო 35 აცრა.
რაც შეეხება „ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 10 თვეში 46 061 ვაქცინის დოზა გაიხარჯა, 41 739 კი აცრა ჩატარდა. გასულ წელს კი იგივე აცრა 49 087-მა ადამიანმა ჩაიტარა. 2017 წელს „ბ“ ჰეპატიტის პრევენციისთვის კი 50417 ადამიანი აიცრა.
დიფტერია, ტეტანუსი, აცელულარული ყივანახველას, „ბ“ ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტისა და Heamophilus influenzae type b - ს ვაქცინაზე, მთელი ქვეყყნის მასშტაბით, 113 449 გახარჯული გახარჯული დოზა ირიცხება, ამ კომპონენტებით აცრა კი 112 550 -მა ადამიანმა ჩაიტარა.
წითელა-წითურა -ყბაყურას საწინააღმდეგოდ მიმდინარე წლის 10 თვეში, 231 048 ვაქცინა გაიხარჯა, 215 415 კი აცრა ჩატარდა. 2017 წელს იგივე აცრა, 107 801-მა ადამიანმა ჩაიტარა, 2018 წელს კი 147311 -ი მოქალაქე აიცრა.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ 2019 წლის 10 თვეში, 10 602 ადამიანი აიცრა, 10 957 კი ვაქცინის დოზა გაიხარჯა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში იმუნიზაციისთვის 13 220 131 ლარი გაიხარჯა, 2018 წელს 21 802 837 ლარი, ხოლო 2017 წელს 17 926 831 ლარი.
მათ შორის, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალებისთვის 2019 წლის 10 თვეში დაიხარჯა 5 834 126 ლარი, 2018 წელს 17 200 185 ლარი, 2017 წელს კი 14 696 000 ლარი.
სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვისთვის დაიხარჯა მიმდინარე წლის 10 თვეში 82 755 ლარი, 2018 წელს 127 850 ლარი, 2017 წელს კი 567 815 ლარი.
ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფისთვის 2019 წლის 10 თვეში დაიხარჯა 5 739 635 ლარი, 2018 წელს 3 369 045 ლარი, 2017 წელს კი 2 461 559 ლარი.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვისთვის წელს, 10 თვეში დაიხარჯა 1 460 680 ლარი, 2018 წელს 302 400 ლარი, ხოლო 2017 წელს 192 750 ლარი.