ნინო ბურჯანაძე  15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - ივანიშვილი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში , რადგან გვინდოდა, შეცვლილიყო  უსამართლო სისტემა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა- ეს სისტემა მან დააბეტონა, შეინარჩუნა და მივიღეთ ეს ტრაგიკული შედეგი

სისტემური დანაშაულის მსხვერპლი გახდა ბავშვი - ივანიშვილი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში იმიტომ, რომ გვინდოდა, შეცვლილიყო ის უსამართლო სისტემა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა, ამის ნაცვლად, ეს სისტემა მან დააბეტონა, შეინარჩუნა და მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რომელიც მივიღეთ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, 15 წლის მოზარდი სისტემური დანაშაულის მსხვერპლია.

"დღეს მაინცდამაინც მართლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა მეორეს მხრივ, სამართლიანობა ხომ ის არის, რომ ყველანი აღშფოთებულები ვართ, მართალი ხომ ის არის, რომ არავინ ვთამაშობთ და არ ვიგონებთ, რომ ყველანი ვართ შეძრწუნებულები იმ უბედურებით, რაც მოხდა? სისტემური დანაშაულია რა თქმა უნდა, სისტემური დანაშაულის მსხვერპლი გახდა ბავშვი და ყველაზე მძიმე არის ის, რომ ხვდები, რომ ოდნავ ადამიანურად მას ვინმე რომ მოქცეოდა, დღეს ეს ბავშვი იქნებოდა ცოცხალი. არ ვიცი უბრალოდ, ის ადამიანები, ვინც რაღაცნაირად არიან კავშირში ამ უბედურებასთან, როგორ აპირებენ ცხოვრების გაგრძელებას. რაც შეეხება სისტემას, ეს დღეები გაივლის და მერე ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სისტემის თემას, თუმცა მუდმივად იყო ამაზე ლაპარაკი ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ივანიშვილი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში იმიტომ, რომ გვინდოდა, შეცვლილიყო ის უსამართლო სისტემა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა. ეს იყო მთავარი მოტივაცია ივანიშვილის მოყვანის და არა სხვა რამ და იმის ნაცვლად, რომ ეს სისტემა შეცვლილიყო, ეს სისტემა დააბეტონა მან, შეინარჩუნა და მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რომელიც მივიღეთ. არ მინდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე ლაპარაკი და ამ თემის გავრცობა, მაგრამ დიახ, ვინც შეინარჩუნა ეს სისტემა და ვინც არის ამ სისტემაში, ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ ნამდვილად ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა და ეს აღარ უნდა მოხდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ფსიქოლოგების კამპანიას, რომ პროტესტის ფორმებმა, როგორიცაა შავი ლენტები და წარწერები, შესაძლოა დამღუპველი შედეგები მოიტანოს და უპასუხა კითხვას, რაიმეს ხომ არ მოუწოდებდა ახალგაზრდებს.

„ ალბათ, ახლა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ახალგაზრდების მიერ ამ ფორმით გამოხატულ პროტესტს, იგივე შავ ლენტებთან და ამ წარწერებთან დაკავშირებით, რადგან ახლა მართლა არის ეს განწყობა და არავის აქვს იმის განწყობა, რომ წითელი, ყვითელი და ფერადები ჩაიცვას და ასე იაროს, ასე ვხედავ, საზოგადოებაში ასეთი განწყობაა. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ახალგაზრდებს იმედი მივცეთ, რომ ცხოვრება სინამდვილეში, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ყოველთვის შეიცავს იმ მომენტებს, რომლისთვისაც ცხოვრება ღირს, მით უმეტეს ბრძოლა იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელო. ახალგაზრდებისთვის ყველაფერი წინ არის და ყველანი ვეცდებით მათთან ერთად, რომ უკეთესი ცხოვრება იყოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა