რატი იონათამიშვილი -  ნუ მოვახდენთ ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებული წარწერების ტირაჟირებას - ამან შესაძლოა ძალიან ნეგატიური ასახვა გამოიწვიოს სხვა მოზარდებში

მინდა მივმართო მედიას და ვთხოვო გაითვალისწინონ, რომ ძალიან მგრძნობიარეა თვითმკვლელობის შემთხვევების აქტიურად ტირაჟირება, მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ერთად იფიქრონ დამატებით მექანიზმზე, თუ როგორ მოახდინონ მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

"პირველ რიგში, მსურს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ორიოდე დღის უკან იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს ეს უმძიმესი ტრაგედია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოზარდებისა და ახალგაზრდების მხრიდან სუიციდის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. ეს შემთხვევები საშიშ ტენდენციას იძენს. გარდა ამისა, მოდის ინფორმაციები არასრულწლოვანთა მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა, მსგავსმა შემთხვევებმა არ შეიძინოს მიმბაძველობის საფრთხე, მოზარდებმა კი საკუთარი თავის იდენტიფიცირება კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევებთან არ მოახდინონ. დღეს, აბაშაში დაფიქსირებული შემთხვევა ცხადყოფს, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გოგონაზე რამდენიმე დღის უკან გარდაცვლილი არასრულწლოვანის ტრაგიკულ შემთხვევას. ეს ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს - აბაშაში გარდაცვლილი მოზარდი, საკუთარ სოციალურ ქსელში, სწორედ გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის მიერ გაკეთებულ წარწერებს აზიარებდა. სწორედ ამიტომ, მსურს მოვუწოდო ყველა იმ სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების იმ ნაწილს, რომლებიც არასრულწლოვანთა საკითხებზე მუშაობენ, რომ გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ, რათა ამ მიმართულებით ყველა იმ დამატებით მექანიზმზე ვიფიქროთ, რაც დაგვეხმარება დავხვეწოთ უკვე არსებული სისტემა, რომლებიც მსგავსი ფატალური შემთხვევების პრევენციის შესაძლებლობას გაზრდის. გარდა ამისა, მინდა მივმართო მედიას და ვთხოვო გაითვალისწინონ, რომ ძალიან მგრძნობიარეა თვითმკვლელობის შემთხვევების აქტიურად ტირაჟირება, მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, რადგანაც ამას, იმ მოზარდთა მხრიდან, რომლებსაც გარკვეული პროტესტი უჩნდებათ სოციალური გარემოს, რეალობისა თუ სხვა საკითხების მიმართ, ქცევის გამეორების მაღალი რისკები ახლავს თან. ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არასრულწლოვანთათვის სუიციდის საკითხი, ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი არასრუწლოვანთა სუიციდის საკითხების გაშუქებისას გაანალიზდეს თანმხლები რისკები და იმოქმედონ არსებული სტანდარტებით. დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებაში ვკითხულობდი, როდესაც აბაშაში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის გაშუქებისას დარღვეული იყო ყველანაირი სტანდარტი: გასაჯაროვდა გარდაცვლილი მოზარდის პერსონალური ინფორმაცია - სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი და ა.შ. მეორე მედია საშუალებამ კი ბავშვის თვითმკვლელობის დეტალები განიხილა ეთერში. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ იმდენად სენსიტიურია ეს თემების, რომ აქ ყველა ინტერესი მეორე პლანზე გადადის. ასევე, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, მათ შორის ახალგაზრდებს, ნუ მოვახდენთ ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებული წარწერების ტირაჟირებას - ამან შესაძლოა ძალიან ნეგატიური ასახვა გამოიწვიოს სხვა მოზარდებში. პროტესტის გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს - ნუ გამოვიყენებთ მაინც და მაინც იმ ფორმას, რომელიც ჩვენი შვილებისთვის შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს. კიდევ ერთხელ მივმართავთ მთელ საზოგადოებას, გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთი ტრაგედია, არა სხვა ტრაგედიების გამომწვევად, არამედ, სწორი დასკვნების გამოტანისა და პრევენციის მძლავრი მექანიზმების შემუშავების გარანტად იქცეს, რათა მსგავსი უმძიმესი შემთხვევები აღარ განმეორდეს,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო