ოჯახი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და ამაში ყველა ჩვენ ერთიანი ვართ, ამ ეტაპზე ხელებს არავინ არ ჩამოუშვებს, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახი ორშაბათიდან შეეცდება ზოგიერთი სამართლებრივი ხასიათის ინსტრუმენტის რეალიზაცია მოახდინოს.
"როგორც ვიცი, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შედგა და გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა. ჩვენ და ოჯახი ორშაბათიდან შევეცდებით რეალიზაცია მოვახდინოთ ზოგიერთი სამართლებრივი ხასიათის ინსტრუმენტის და ამაზე დამატებით ჩვენ განცხადება კიდევ გვექნება. ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო მექანიზმებით, დიპლომატიური გზებით და ყველა შესაძლო არხით მუშაობა გრძელდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს. ოჯახის მხრიდან არის მოლოდინი, რომ მაქსიმალურად გააქტიურდება და კოორდინაციაში იქნება ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ვაჟა ექიმის გათავისუფლებასთან. ეს არის კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები. ფორმალურად არსებობს იმ ე.წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა, თუმცა ე.წ. გადაწყვეტილება, რომელიც უფრო სადამსჯელო დოკუმენტია და არა განაჩენი, ჯერ ადვოკატებს არ გადასცემიათ. სავარაუდოდ, იმ კვირაში გადასცემენ და ამის შემდგომ გადაწყდება თუ რა პროცედურებით გაგრძელდება საქმე",-განცხადა დავით ასათიანმა.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. მისი პირველი ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა და ექიმი პატიმრობაში დატოვეს. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.